სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნეს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სადაზღვევო სექტორს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნეს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება. სადაზღვევო კომპანიების წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო სექტორის ჩართვა.

"შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ დაგეგმილ საგადასახადო რეფორმებზე, მათ მნიშვნელობაზე, მათ შორის, აღნიშნული დარგის განვითარებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია, იმისთვის, რათა უკეთ გავიგოთ ბიზნესის პრობლემები, რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს ბიზნესს განვითარებისთვის, მათ შორის, საუბარია პორტფელური ინვესტორების მოზიდვაზე. ვფიქრობ, სადაზღვევო სექტორი ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი საინტერესო სექტორია," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

"სადაზღვევო ინდუსტრია მიესალმება აღნიშნული კანონპროექტის მიღებას, რადგან ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციებისა და ინვესტორების შემოსვლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციები გავრცელდეს სადაზღვევო სექტორზე, რადგან შესაძლებელი იქნება თანხების რეინვესტირება, მოხდება სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის გაზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კაპიტალური ბაზრების განვითარებასთან," - აღნიშნა სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმა მიმართულია ეკონომიკის ზრდაზე და მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმა ასევე შეეხოს სადაზღვევო ინდუსტრიას. როგორც მან აღნიშნა, მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში დღეს არსებულ ვითარებას და დარგის განვითარების სამომავლო პერსპექტივას.