სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე EBRD-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას, EBRD-ის აგრობიზნესის მრჩეველთა სამსახურის უფროსს, ვიქტორია ზინჩუკს და EBRD-ის აგრობიზნესის ჯგუფის ხელმძღვანელს თურქეთსა და კავკასიის რეგიონში ნადია პეტკოვას შეხვდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ოთარ დანელიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა, დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აგროსექტორით დაინტერესების ზრდას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება.