აჭარაში საწარმოების მეპატრონე თურქი ბიზნესმენები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული საწარმოების მეპატრონე თურქი მეწარმეები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდენ, სადაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე, მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ წესებზე, საბაჟო რეგულაციებსა და სხვა თემებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს მათთვის აქტუალურ და საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები გასცეს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბუბუტეიშვილმა.

შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით გაიმართა და მიზნად საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების საგადასახადო ინფორმირებულობის ამაღლებას ისახავდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემისქანი, თურქეთის სავაჭრო ატაშე საქართველოში მიქაელ დევერლიოღლუ, თურქეთის საბაჟო ატაშე საქართველოში ოზაი ქუთლუ, თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები.