ავრამოპულოსმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების საშუალებას არ იძლევა

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკური, ბიზნეს, კულტურული და სხვა სახის კავშირების გაღრმავებას.

ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა საქმეებში, მიგრაციასა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლის დროს მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ვიზიტის პირობების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის ბიომეტრიული პასპორტი იქნება საჭირო. ამასთანავე, დიმიტრის ავრამოპულოსმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების საშუალებას.