ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდეს

არ გამოვრიცხავთ, რომ მიმდინარე წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

აბაშიძის თქმით, 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში მორიგი შეხვედრა შედგება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად სწორედ ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.

"რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის. კარასინთან გვექნება საუბარი ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ, როგორ მუშაობს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა პრობლემები და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე არის გასაკეთებელი ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, იქ ვსაუბრობთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე, ვაგვარებთ გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს. ამ თვალსაზრისითაც, იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც შედეგით ჩამოვალთ", - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება ქართული მხარე რუსეთისგან ახალ წინადადებებს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, აბაშიძემ აღნიშნა, რომ "არა".

"სავიზო რეჟიმი მართლაც მნიშვნელოვნად გამარტივდა. ბოლო ორი თვეა მოქმედებს საკმაოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ წელს შეიძლება საერთოდ მოიხსნას სავიზო რეჟიმი, ვინაიდან ამის შესახებ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი. ვნახოთ, შევხედოთ როგორ მუშაობს სავიზო რეჟიმი, რამდენად მოუხსნა ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები და ა.შ", - აღნიშნა აბაშიძემ.