თბილისში პირველი კუთხური რესტორანი გაიხსნა

ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ ვურდერმანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და ქართველ პარტნიორ ლუარსაბ ტოგონიძესთან ერთად თბილისში პირველი კუთხური რესტორანი ,,პილპილი” გახსნა.

რესტორანი ეტაპობრივად თითოეული კუთხის სამზარეულოს სამი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. კულინარიული მოგზაურობა ,,პილპილში” თუშეთით დაიწყო. როგორც ლუარსაბ ტოგონიძე აღნიშნავს, კუთხური რესტორნის გახსნის იდეა ჯონს ეკუთვნის.

"წლების მანძილზე ვმოგზაურობდით სხვადასხვა კუთხეში და გადავწყვიტეთ ის უგემრიელესი კერძები, რასაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიასახლისები ამზადებენ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. შედეგად, ასეთი კონცეფცია შევიმუშავეთ: სამი თვის მანძილზე, საქართველოს ერთ-ერთი კუთხე იქნება მასპინძელი. როგორც კულინარიულად, ისე ფოლკლორით. ამჟამად თუშური მოსმულა, ხავიწი, ქუმელი, კოტორი და სხვა იშვიათი, ავთენტური და მივიწყებული კერძები თუში მზარეულის ხელით მზადდება", - აღნიშნავს ლუარსაბ ტოგონიძე.

სამი თვის შემდეგ რესტორანი მეგრულ-აფხაზურ სამზარეულოს უმასპინძლებს.

ქრისტინე გამთენაძე