ბიზნესმენი გენო მალაზონია საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ბიზნესმენი გენო მალაზონია საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენებასა და საქართველოში გენერაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა PALITRANEWS - ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა:

”მე რითაც ვარ დაკავებული, ეს არის ის სფერო, რომელიც ვიცი და რომლითაც დაკავებული ვიყავი ”ენერჯი ინვესტის” საქმიანობის პერიოდში. ეს არის ენერგეტიკა. ამ შემთხვევაში, ჰიდროენერგეტიკა მაინტერესებს. ასევე, მზის ელექტროენერგეტიკა. პროექტი, რომელიც თქვენთვისაც საინტერესო იქნება და რომელზეც ვმუშაობ, ეს არის მზის ელექტროსადგურის აშენება და გენერაციის დაწყება საქართველოში. რეგიონში ჩვენ ასეთი სადგური ჯერ არ გვაქვს”, - განაცხადა გენო მალაზონიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საჭირო ტექნოლოგიების მოზიდვა გამარტივდა: ”ბოლო პერიოდში მეცნიერული, ტექნიკური პროგრესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ტექნოლოგიები საკმაოდ იაფად მოვიძიოთ სხვადასხვა მომწოდებლებისგან. ძირითადად, ჩინეთში არიან ამის მწარმოებლები. თუ თვითღირებულების მრუდს შევხედავთ ამ მოწყობილობებზე, ეს მრუდი მუდმივად ქვემოთ მოდის”, - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა:

”მე არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გარკვეული წლების შემდეგ ალბათ ყველა ის ტრადიციული გენერირების ობიექტი, რომელიც ჩვენ ვიცით და რომელიც გაზზე, ნახშირზე თუ მაზუთზე მუშაობს, თავის თავს ამოწურავს და ყველაფერი ე.წ. მწვანე ენერგეტიკაზე გადავა. ამას ჩვენმა ქვეყანამ ფეხი უნდა აუწყოს. ჰიდროენერგეტიკა სწორი მიმართულებაა და კარგია, რომ ეს ქვეყანაში ვითარდება, გამომდინარე იქიდან რომ ჰიდრორესურსები ძალიან ბევრი გვაქვს”,- აღნიშნა ბიზნესმენმა.