ოთარ დანელია - ზაფხულში ალბათ პირველი ვიზიტორები გვეყოლება ევროკავშირში ვიზის გარეშე

ველოდებით, რომ ზაფხულში ალბათ პირველი ვიზიტორები გვეყოლება ევროკავშირში ვიზის გარეშე, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა ევროკავშირ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებული პროცედურის დაწყებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის ნაწილში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის როლი, რომლის ძალიან ბევრი დირექტივაც ასოცირების ხელშეკრულების თანახმად სოფლის მეურნეობაზე მოდის.

"საკმაოდ დიდი იმედები გვაქვს მიმდინარე წლის ვაჭრობის დივერსიფიკაციის ნაწილში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებზე უკვე 20%-ზე მეტი მოვიდა გასული წლის შეჯამების შედეგად და ვფიქრობთ, რომ წელს ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა დანელიამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მიერ დაგეგმილ აქტიურობებზე და ამ კუთხით გამოყო 2017 წლის ბორდოში ქართული ღვინის წარდგენა, ასევე ხმელთაშუა ზღვისა და ევროპის ცივილიზაციის მუზეუმში ქართული ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა.

"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში. ეს გახლავთ ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს უფრო ძლიერი პოზიციებისთვის ევროკავშირში, მათ შორის პროდუქტების მომზადება და სერთიფიცირება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, რათა მოხდეს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ძირითადი მიმართულებებია: თევზპროდუქტები, რომელზეც მნიშვნელოვანია რეკომენდაციებით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს. ასევე ეს არის ქართული თაფლი, რომელიც წელს გავა ევროკავშირში, ვინაიდან ქვეყანაში არსებობს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები გაკეთდეს და მოხდეს ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ძირითადი მიმართულებაა ღვინის ექსპორტი, რომელიც გაზრდილია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-იანი ზრდა გვაქვს ღვინის ექსპორტში და მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ევროპულ ქვეყნებს", - განაცხადა დანელიამ.