ანგელა მერკელი - ევროპულმა სახელმწიფოებმა მიგრანტებისთვის ე.წ. "ბალკანეთის მარშრუტის" გადაკეტვაზე ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღეს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა მიგრანტებისთვის ე.წ. "ბალკანეთის მარშრუტის" გადაკეტვაზე ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა რადიო MDR-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო საბერძნეთი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ხოლო მარშრუტის გადაკეტვა მიგრაციული კრიზისის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

"პირადად მე მიმაჩნია, რომ ავსტრიის ცალმხრივი გადაწყვეტილება და შემდეგ, ბალკანეთის ქვეყნების ქმედებები, გამოიწვევს მიგრანტთა ნაკადის შემცირებას ჩვენთან, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს საბერძნეთს",- განაცხადა მერკელმა და იქვე დასძინა, რომ მიგრანტების საკითხზე თურქეთთან შეთანხმების მიღწევა აუცილებელია.

გასულ თვეს ავსტრიამ განაცხადა, რომ დღეში გერმანიაში მიმავალ მხოლოდ 3 200 მიგრანტს გაატარებს. ამის შემდეგ სლოვენიამ, ხორვატიამ, სერბეთმა და მაკედონიამ მიგრანტების მიღებასა და თავშესაფრის გაცემაზე შეზღუდვები დააწესეს. გარდა ამისა, უნგრეთის ხელისუფლებამ საზღვრებზე პოლიციელებისა და სამხედროების რაოდენობა გაზარდა.

7 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნებისა და თურქეთის სამიტი გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს და განაცხადეს, რომ ამიერიდან ბალკანეთის მარშრუტი, რომლის გავლითაც მიგრანტები დასავლეთ ევროპაში ჩადიოდნენ, დაიხურა.

ამას ბერლინის პროტესტი მოჰყვა: როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მოძებნა, რომელიც ევროკავშირის 28-ვე წევრ სახელმწიფოს დააკმაყოფილებს.