გიორგი აბაშიშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ენერგეტიკული პროექტები განიხილეს

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები განიხილეს.

"ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ დაძაბულობამ ნეგატიური გავლენა არ ჰპოვოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის, არამედ სავაჭრო პარტნიორობის მიმართულებითაც. მხარეებმა ენერგეტიკული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გიორგი მარგველაშვილმა და ილჰამ ალიევმა საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილეს ისეთ სატრანსპორტო პროექტზე, როგორიც არის აბრეშუმის გზა და Lapis lazuri-ს პროექტი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.