„მხოლოდ ორ წელიწადში საქართველოში 27 ათასი მცირე საწარმო დაიხურა“

მცირე ბიზნესის მნიშვნელობაზე დღეს უკვე არავინ დავობს. როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა, ამ სეგმენტში ბევრი რამ შეცვალოს: ფინანსთა სამინისტროში მზადდება კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის“ შესახებ. როგორც ცნობილია, კანონით მკაფიოდ განისაზღვრება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ცნება, გამარტივდება ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო შემოწმება. ამავე დროს, მთავრობა წლიური ბრუნვის ზღვრის გაზრდის მომხრეა: მიკრობიზნესმენის სტატუსის მისაღებად ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 30 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ზღვარი - 10 მილიონ ლარამდე განისაზღვრება, ხოლო საშუალო ბიზნესისთვის - 50 მილიონ ლარამდე. ამ ცვლილებების შეფასება „საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს - თამაზ ვაშაკიძეს ვთხოვეთ, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონის მიღებამდე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან მეტი კონტაქტია საჭირო:

თამაზ ვაშაკიძე - ჯერ უნდა ვიცოდეთ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და რა შედეგებზეა ორიენტირებული. არ შეიძლება ყველაფერი გადმოვიღოთ პირდაპირ ევროპული კანონებიდან და ამას დავარქვათ მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა. საყურადღებოა, რომ დღეს მცირე მეწარმის სტატუსი მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, თუმცა ბევრს სურს ეს სტატუსი იურიდიულ პირებსაც მიენიჭოს. საქართველოში მიკროსაწარმოს სტატუსი მხოლოდ იმ ბიზნესს ენიჭება, რომლის ბრუნვაც 30 ათას ლარამდეა, თანაც ეს უნდა იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც დაქირავებული მუშაკები არა ჰყავს. ვინც ეს ზღვარი დააწესა, ალბათ საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს მცირე მეწარმეობა. ამაზე მეტი ნონსენსი არ არსებობს - გაყავით 30 ათასი ლარი 365 დღეზე და ნახავთ, რომ ეს ჯიხურის შემოსავალიც კი არ არის.

- თავის დროზე რატომ დააწესეს ასეთი აბსურდული ზღვარი მიკრო ბიზნესისთვის?

- იმიტომ, რომ საქართველოში კანონებს წერენ ჩინოვნიკები, რომლებიც ბიზნესს საერთოდ არ იცნობენ. ვიდრე რაიმე კანონს მიიღებდეს, ჩინოვნიკი უნდა მივიდეს მეწარმესთან და თვეების განმავლობაში უნდა სწავლობდეს რა პრობლემები აქვს მას, რა უჭირს, ან რა ულხინს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ასოცირების ხელშეკრულება მაინც აიღონ და წაიკითხონ, რას მოაწერეს ხელი. ევროპაში წლების განმავლობაში სწავლობენ ყველაფერს, ყველა დეტალს და მერე იღებენ კანონში ცვლილებებს. ოღონდ ხალხმა რაღაც შექმნას, გააკეთოს, შემოსავალი ჰქონდეს და ყველანაირ დათმობაზე მიდიან. საერთოდ, მსხვილი საწარმოების რაოდენობა ყველა ქვეყანაში უფრო მცირეა, მაგრამ მსხვილ ბიზნესს ყველაზე დიდი შენატანი აქვს ბიუჯეტში, ხოლო მცირე ბიზნესს სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა აქვს და ამით არის უნიკალური: ეს არის უმუშევრობის წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი მიმართულება. ამიტომ, ყველა მოწინავე სახელმწიფოს ურჩევნია ბიზნესს გაუწიოს შეღავათი და დაეხმაროს, ვიდრე უმუშევრობის შემწეობა გასცეს.

- ცნობილი გახდა, რომ ახალ კანონპროექტში მიკრობიზნესის სტატუსის მისაღებად ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 30 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ზღვარი - 10 მილიონი ლარი იქნება.

- თუ ეს ციფრები ევროპული კანონებიდან პირდაპირ არის აღებული, არ გამოგვადგება, ვეროპაში მიკროსაწარმოს სტატუსი ენიჭება საწარმოს, სადაც 9 თანამშრომელზე მეტი არ მუშაობს, ხოლო ბრუნვა 2 მილიონამდე აქვს. ჯერ დამისახელეთ, სად არის საქართველოში ისეთი საწარმო, სადაც 9 ადამიანი შეძლებს აკეთოს ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვაც 1 მილიონი ლარი იქნება? ამიტომ, ძალიან საინტერესოა, თუ რის საფუძველზეა აღებული მუშათა რაოდენობა, ან წლიური ბრუნვის მოცულობა მიკროსაწარმოსთვის და მცირე საწარმოსთვის. დამისახელონ, ვის მაგალითზე აიღეს ეს ციფრები, ან რომელი საწარმოების მაგალითი გამოიყენეს. მით უმეტეს, ამ სფეროში ჩვენ საკმაოდ მწარე გამოცდილება გვაქვს.

- რა გამოცდილებას გულისხმობთ?

- სწორედ ასეთი კალკირების და მიბაძვის ბრალია, რომ მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში 70 ათასი მცირე საწარმო დაიხურა, ხოლო 2011 წლიდან 2013 წლამდე - 27 ათასმა მცირე საწარმომ შეწყვიტა არსებობა - ეს საგადასახადო სამსახურის მონაცემებია. თუ ორ წელიწადში ამდენი საწარმო დაიხურა, ესე იგი, სახარბიელო მდგომარეობა არ არის და კანონი, რომელიც მოქმედებს, არ არის რეალობასთან შესაბამისი. ეს არ არის ჩვენი კანონი, ეს ევროპული კანონია და უნდა შეიცვალოს. ჩვენი კანონი იქნება მხოლოდ ის, რომელსაც სერიოზული კვლევის და დაკვირვების შედეგად მიიღებენ და რომელიც ქართულ სინამდვილესთან იქნება მისადაგებული.

- ესე იგი, ვიდრე ფინანსთა სამინისტროში კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს მიიღებენ, ბიზნესის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტები უნდა ჰქონდეთ?

- ეს აუცილებელია, თუ გვინდა, რომ კანონი ჩვენი ქვეყნის სინამდვილეს ასახავდეს და შეეფერებოდეს. სხვათა შორის, იმას, რასაც ახლა აკეთებენ, ჩვენ 10 წლის წინ მოვითხოვდით, მე თვითონ, წიგნიც გამოვეცი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებას ეხება და მისი პრობლემებია ნაჩვენები. ჩვენთან მცირე და საშუალო ბიზნესს მხოლოდ ფისკალური ეფექტის მიხედვით აფასებენ, რაც სპობს ამ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს. კიდევ ვიმეორებ: კანონი უნდა იყოს მისადაგებული არსებულ რეალობასთან და ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ეს ასეა. ჩვენთან კი, ყველაფერი მეწარმის და სამოქალაქო საზოგადოების გარეშე კეთდება, არავის აზრს არ ეკითხებიან და მერე იწყება კამათი იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. და ბოლოს, ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მცირე ბიზნესს იმიტომ ჰქვია მცირე, რომ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს, წლიური ბრუნვა და თანამშრომლების რაოდენობა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია: მთავარი სწორედ ეს შეღავათებია - როგორც ჩანს, ეს საქართველოში ყველამ არ იცის.

ხათუნა ჩიგოგიძე