ირაკლი კოვზანაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დღეს პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი მონოგრაფიის - "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება" პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი არის ავტორის მონოგრაფიათა სერიის გაგრძელება, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს ეხება. ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.

"ნაშრომი, რომელიც თავისი ფორმითა და სტრუქტურით ფუნდამენტური მონოგრაფიაა, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ინსტიტუტების და იმ პირებისთვის, რომლებზეც სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ეკონომიკური (გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო, ფისკალური და ა.შ.) პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.