2016 წლის თებერვალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა

2016 წლის თებერვალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეული შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, 95.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.3% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი 0.967 დონეზე დაფიქსირდა. 2016 წლის თებერვალში გასულ თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენციაა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თებერვალში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა ინდივიდუალური მეწარმის (2055 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 865 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.1%) სახით დარეგისტრირდა. სააგენტოს განმარტებით, ბიზნეს სუბიექტთა 92.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.

ოფიციალური მონაცემებით, თებერვალში 181 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 90 კოოპერატივი, 26 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 12 სააქციო საზოგადოება და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი დარეგისტრირდა.