საგამოძიებო სამსახურმა წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები, ხვთისო მიგრიაული და გიორგი აფციაური დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით 1 500 ლარი მოითხოვეს.

საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.