ბორჯომში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება

ბორჯომში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ადგილზე გაეცნო.

გამგებლის განმარტებით, დასრულებულია გარე ფასადის სამღებრო და სახურავის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ჭერისა და იატაკის გასუფთავება-მოხვეწა. გათვალისწინებულია ასევე მინა-პაკეტის დაშლა - გასუფთავება და ფარდა-ჟალუზების მონტაჟი.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ცენტრის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 889 ლარით ფინანსდება.

ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2007 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ათასობით მომხმარებელს ემსახურება. ცენტრში ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია ბორჯომში არსებული ტურისტული პროდუქტისა და ტურისტული სერვისების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ცენტრს არაერთი მადლობა დაუმსახურებია ტურისტების მხრიდან სრულყოფილი ინფორმაციისა და გულისხმიერი მომსახურებისთვის.

ტურიზმის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, ბორჯომის მუნიციპალიტეტთან ერთად მას კოორდინირებას უწევს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.