დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკში შემავალ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში შეხვედრები გამართა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს მარიამ შერმანსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოს გააცნო.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით ტარდება.

"მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან განვიხილეთ ჩვენი მიმდინარე რეფორმები, მათ აღგვითქვეს ყველანაირი მხარდაჭერა ამ რეფორმების გატარებაში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არის კერძო სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელი ინსტრუმენტი, მათ საქართველოში 350 მილიონზე მეტი ინვესტიციების პორტფელი აქვთ და კიდევ აგრძელებენ ინვესტირებას. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, ის 1992 წლიდან საქართველოში იმყოფება და არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.