„ქოლგეით-პალმოლივი“ სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს

კომპანია „ქოლგეით-პალმოლივი“ რესტრუქტურიზაციის ფარგლებში სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გავრცელებული ცნობით, მსოფლიოში კბილის პასტის უმსხვილესმა მწარმოებელმა ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი მაკროეკონომიკური პირობების გამო მიიღო.

კომპანიის გეგმის მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით 3 300-დან 3800-მდე სამუშაო ადგილის გაუქმება იგეგმება. მანამდე კი გეგმაში მხოლოდ 2 700-დან 3 200-მდე სამუშაო ადგილის გაუქმება იყო.

აღსანიშნავია, რომ „ქოლგეით-პალმოლივი“, რომელიც შემოსავლების სამ მეოთხედს აშშ-ის გარეთ იღებს, დოლარის გამყარების შედეგად ფასების ზრდის გამო, მნიშვნელოვნად დაზარალდა.