აფბა - 2015 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა მხოლოდ 2014 წლის მონაცემებს ჩამოუვარდება

2015 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა მხოლოდ 2014 წლის მონაცემებს ჩამოუვარდება და 2013, 2012, 2011 წლის მონაცემებს აღემატება , - ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები შეაფასა.

მისი განცხადებით, "საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2015 წელს 1 351 მლნ დოლარის, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 23%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

როგორც პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, ინვესტიციები განსაკუთრებით შემცირდა ისეთ დარგებში როგორიცაა - ენერგეტიკა 52%-ით, დამამუშავებელი მრეწველობა 55%-ით, სამშენებლო სექტორი 59%-ით და უძრავი ქონება, სადაც 2014 წელთან შედარებით 65%-იანი კლება ფიქსირდება.

"თუ ჩვენ შევხედავთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას ბოლო წლების ტრენდის ფარგლებში, ნათლად დავინახავთ, რომ 2015 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა მხოლოდ 2014 წლის მონაცემებს ჩამოუვარდება და 2013, 2012, 2011 წლის მონაცემებს აღემატება. თუ ჩვენ სიტუაციას შევხედავთ ინვესტორების მოზიდვისა და დარგების მიმართ ინვესტორების დაინტერესების კუთხით, სურათი ასეთია, 2013-2015 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 7 მილიარდ 594 მლნ $ შეადგინა, რაც 75%-ით 2010-2012 წწ 3 წლიან შედეგს აღემატება", - აცხადებს ბაირახტარი.

მისივე თქმით, 2015 წლის მონაცემებით, ინვესტიციების შემოდინების კუთხით, ზრდა ფიქსირდება ისეთ სექტორებზე როგორებიცაა - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა + 27%, საფინანსო სექტორი + 40 %, სოფლის მეურნეობა + 59 % და ჯანდაცვის სექტორი, სადაც 2014 წელთან შედარებით 80%-იანი მატება ფიქსირდება.

"აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ეკონომიკური სექტორებია, რომლის პოპულალიზაციასა და განვითარებაზე ხელისუფლება ბოლო 2 წელია აქტიურად მუშაობს", - განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების მოცულობაზე უარყოფითი გავლენა ეროვნული ვალუტის დევალვაციამაც იქონია.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც 2015 წლის მონაცემებში, 2014 წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი მოგვცა, არის ეროვნული ვალუტის დევალვაცია. სწორედ ეროვნული ვალუტის რყევებს აქცევენ ინვესტორები დიდ ყურადღებას ინვესტიციების განხორციელებამდე", - განაცხადა ბაირახტარმა.