სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის - "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ავტორის მონოგრაფიათა სერიის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს ეხება. ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.
ირაკლი კოვზანაძის მიერ, მონოგრაფიაში გაანალიზებულია სხვადასხვა ეკონომიკური სკოლების მკვლევართა გამოკვლევები, კრიზისების დაძლევის ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება და გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები.
"წიგნში მოცემულია ამ კრიზისების მაკროეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ფაქტორები," - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
პრაქტიკული მასალების საფუძველზე წარმოდგენილია ავტორის საკუთარი შეხედულებები კრიზისების დაძლევის და ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზების შესახებ.
ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის განვითარებას და მის პრობლემებს. ნაშრომში კვლევის ცალკე მიმართულებაა სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, მათი ეფექტიანობისა და საკმარისობის შეფასება. მონოგრაფიაში მოცემულია კონკრეტული მაგალითები ცალკეული ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღებული შედეგების თაობაზე და ასევე გაკეთებულია მათი შეფასებაც.
ნაშრომი, რომელიც თავისი ფორმითა და სტრუქტურით ფუნდამენტური მონოგრაფიაა, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ინსტიტუტების და იმ პირებისთვის, რომლებზეც სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ეკონომიკური (გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო, ფისკალური და ა.შ.) პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.