ქუთაისი და მცხეთა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის დასახელდნენ

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა მცხეთა და ქუთაისი ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქებად დაასახელა.

რეიტინგში სულ 16 ქალაქი მოხვდა, მათ შორის ერევანი, პლოვდივი, ლარნაკა, ლისაბონი, კადისი,  ზადარი, ათენი და ტრიკალა.

Telegraph წერს, რომ მცხეთის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები ჩვ.წ.აღ-მდე პირველ ათასწლეულში გამოჩნდა.

"ევროპაში საქართველოს მოთავსება შესაძლოა, სადავო იყოს, მაგრამ ფართოდ მიღებული კონცეფციის თანახმად, ევროპის კონტინენტის საზღვრები კავკასიის რეგიონს ცდება, ამიტომ სამართლიანი იქნება, თუ საქართველო ევროპულ ქვეყნად ჩაითვლება.

როგორც მიიჩნევა, მცხეთა დაახლოებით 3 000 წლის წინ დაარსდა და ეს არის ადგილი, სადაც ქართველებმა 317 წელს ქრისტიანობა მიიღეს.

მცხეთის ისტორიული ძეგლები, მათ შრის ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის კათედრალური ტაძარი და სამთავროს მონასტერი იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მეკვდირეობის ძეგლთა სიაშია შეიყვანილი. ეს ნაგებობები აღწერილია, როგორც "კავკასიაში შუა საუკუნეების რელიგიური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშები", - წერს Telegraph.

რაც შეეხება ქუთაისს, გამოცემის ცნობით, პირველი დასახლების გამოჩენა ქალაქის ტერიტორიაზე დათარიღებულია ჩვ.წ.აღ-მდე მეორე ათასწლეულით.

"საქართველოს დასავლეთში მდებარე ქალაქი ქუთაისი, ჩვ.წ.აღ-მდე მეორე ათასწლეულიდან კოლხეთის სამეფოს - სამხრეთ კავკასიის უძველესი რეგიონის დედაქალაქი იყო. ქუთაისი ქართველი მეფეების, რუსებისა და ოსმალი მმართველების მრავალი კონფლიქტის ცენტრი იყო, ხოლო როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა.

ქალაქის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში წარმოდგენილია 16 000 არტეფაქტი საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ყველაზე საინტერესოა ალბათ ის არის, რომ ქუთაისში მდებარეობს საბრძოლო ხელოვნების მუზეუმიც", -აღნიშნავსTelegraph.

გამოცემა წერს, რომ 2012 წელს ბაგრატის კათედრალური ტაძრის რესტავრაცია იუნესკო-ს სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა, რომელმაც შემდგომში, ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოათავსა.