ევროპამ ირანს, შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესოს

საფრანგეთის განცხადებით, ევროპამ ირანს, შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესოს. ამის მიზეზი "ბიბისის" ცნობით, თეირანის მიერ ბოლო დროს ბალისტიკური რაკეტების გაშვება გახდება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-მარკ ეროს თქმით, შეზღუდვები დაწესდება თუ ამის აუცილებლობაა. თუმცა, არ კონკრეტდება დააწესებენ თუ არა ახალ სანქციებს და აპირებენ თუ არა ამ საკითხზე მსჯელობას ევროკავშირში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადებით, გასულ კვირას აშშ-შიც გამოვიდნენ. თეირანის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანმა არაერთი ბალისტრიკური რაკეტა გაუშვა.

თეირანში აცხადებენ, რომ რაკეტების გამოცდა ბირთვულ პროგრამას არ უკავშირდება და მშვიდობიან ხასიათს ატარებს. აღსანიშნავია, რომ თეირანის წინააღმდეგ დასავლეთმა რამდენიმე წლის წინ დაწესებული სანქციები გასულ თვეს მოხსნა. შედეგად ირანს მსოფლიო ბაზარზე გზა გაეხსნა.