რა კომპანიები დათმო "ისთ გეით ჯგუფის" ხელმძღვანელმა წინა ხელისუფლების დროს

"ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ორი კომპანია დაკარგა.

ერთ-ერთი კომპანიის დაკარგვით კი ბიზნესმენმა რამდენიმე ასეული ათასი დოლარით იზარალა. ამის შესახებ ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია ”ფლაი ჯორჯია” ისე დაიკარგა, რომ ფუნქციონირება არ დაუწყია. ირაკლი იაშვილის ინფორმაციით, კომპანიის საქმიანობის კონცეფცია აგებული იყო საშუალო ზომის თვითმფრინავებზე, რომელსაც ფრენები საქართველოს გარშემო ათასი კილომეტრის რადიუსით უნდა განეხორციელებინა.

2009 წელს დაწყებული პროექტის მიხედვით, ფრენები საშულო ზომის, 35-ადგილიან 4 თვითმფრინავსა და 70-ადგილიან 2 თვითმფრინავს უნდა შეესრულებინა.

იაშვილის განცხადებით, კომპანიას უკვე ნაყიდი ჰქონდა ელექტროდაჯავშნის სისტემა. პირველი თვითმფრინავი „ფლაი ჯორჯიამ“ საქართველოში შვედეთიდან ჩამოიყვანა.

”კომპანია მისული იყო იმ კონდიციამდე, რომ ფრენები უნდა დაწყებულიყო. ერთი ღილაკის დაჭერით იწყებოდა მთელ მსოფლიოში ელექტრონული ბილეთების გაყიდვა, დაჯავშნის სისტემა ჩვენ უკვე ნაყიდი გვქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, პილოტები გვყავდა ჩამოყვანილი ბრაზილიიდან. საქართველოში ამ ტექნიკის პილოტები არ არსებობდა და მათი დაქირავება ესპანეთიდან და ბრაზილიიდან მოგვიწვია. ის ხალხი ჩამოსულიც კი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გამზადებული იყო”, - აღნიშნა ირაკლი იაშვილმა დაკარგულ კომპანიებზე საუბრისას.

მისი თქმით, სწორედ ამ პერიოდში დარეკა მასთან ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა და ფრენების შეჩერება უბრძანა: ”ვიღებ ზარს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრისგან, რომლის დასახელებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკუთარი ნებით არ რეკავდა. გადმომცა დავალება დიდი ბოსებისგან, რომ ნაბრძანები მაქვს, გავაჩერო ფრენები და არ ვიფრინო. ეს ჩემთვის გაუგებარი იყო იმიტომ, რომ უკვე სერიოზულ ინვესტიციებამდე ვიყავით მისული”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ირაკლი იაშვილის თქმით, პროექტის განუხორციელებლობამ ბიზნესი რამდენიმე ასეული ათასი დოლარით აზარალა. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ ”ფლაი ჯორჯიას” საქმინობის შეწყვეტა ირანული ავიაკომპანიის ინტერესებში შედიოდა, რომელმაც ფუნქციონირება 2010 წელს დაიწყო.

”ზუსტად იმავე დასახელების კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება 2010 წელს, ”ფლაი ჯორჯიამ”, ოღონდ სხვა საიდენტიფიკაციო კოდით დაარსდა, ეს იყო ირანელების მიერ შექმნილი ავიაკომპანია მაშინ და ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამავე კომპანიისთვის მოასუფთავეს გზა”.

რაც შეეხება მეორე პროექტს, "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს იყო ”ჯორჯიან პეტროლიუმი”, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და რომლის დათმობამაც იმ პეროდში ირაკლი იაშვილს მოუწია. ”მეორე პროექტი განხორციელებული იყო, ის კომპანია დღესაც ფუნქციონირებს, ეს იყო კომპანია ”ჯორჯიან პეტროლიუმი”, რომელიც ავიასაწვავით ამარაგებს საქართველოს აეროპორტებს. საბოლოოდ მომიწია ამ კომპანიის დათმობა და სხვისთვის გაყიდვა”, - აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.