პირველად საქართველოში გარემოზე ნაგავსაყრელების ნეგატიური ზეგავლენის შეფასება მოხდება

საქართველოში პირველად გაიზომება ნაგავსაყრელებზე გამოყოფილი სათბურის აირები და გარემოზე ნაგავსაყრელების ნეგატიური ზეგავლენა შეფასდება.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” პროგრამის: "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR) წარმომადგენლებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 მარტს, ქალაქ რუსთავის ნაგავსაყრელზე, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ნაგავსაყრელებიდან გამოყოფილი სათბურის აირების გამზომი პორტატული მოწყობილობა გადასცა.

”ღონისძიების ფარგლებში WMTR პროგრამასა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, შეფასდება ნაგავსაყრელებიდან გამოყოფილი სათბურის აირები და მომზადდება შესაბამისი საბაზო ინფორმაცია, ასევე, გარემოზე გამოწვეული ზიანის შემცირების სამოქმედო გეგმა. საბაზო ინფორმაცია გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმების შესამუშვებლად”, - აცხადებენ პროგრამის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, სათბურის აირების გამზომი მოწყობილობით საქართველოს ნაგავსაყრელებზე გამოყოფილი მეთანი გაიზომება და მისი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება შეფასდება, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და პარიზის კლიმატის ცვლილების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებაში დაეხმარება.

”გაზომვებიდან მიღებული საბაზისო ინფორმაცია საქართველოს დაეხმარება, შეაფასოს და შეამციროს მეთანისა და სხვა სათბურის აირების ემისიები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ კლიმატის გლობალურ ცვლილებაში”, - აცხადებენ პროგრამის წარმომადგენლები.