კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "კომპანია მედიასტრიმი" არასათანადო რეკლამის განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "კომპანია მედიასტრიმი" (რადიო OKFM) არასათანადო რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, შპს "კომპანია მედიასტრიმი" (რადიო OKFM) კომისიამ წერილობით კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო გააფრთხილა.

"კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ,,კომპანია მედიასტრიმის" (რადიო OKFM) ეთერში, ადგილი ჰქონდა სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევას. კერძოდ, რუბრიკაში "OK გაითი" წამყვანი კომერციული რეკლამისათვის დამახასიათებელი შინაარსით მოუწოდებდა მსმენელს სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის შეძენას, ასევე კომპანიას "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" (სპორტული ბლოკის) წამყვანის დიმა ობოლაძის მონაწილეობით ,,კრისტალბეთის" სარეკლამო რგოლი ჰქონდა განთავსებული", - განაცხადეს კომისიაში.

მათივე თქმით, "მაუწყებლობის შესახებ" და "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. ასევე, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

აღნიშნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე შპს "კომპანია მედიასტრიმის" (რადიო OKFM) წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილა საკითხთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველო კანონი, რის გამოც სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.