კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე უარი თქვა

კონკურენციის სააგენტომ უარი უთხრა „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრს“, დაეწყო მოკვლევა ფარმაცევტული ბაზრის შესასწავლად. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოთხი მსხვილი მონაწილე კომპანია კონკურენციის შემზღუდველი ექსკლუზიური ხელშეკრულებებით ზღუდავს მედიკამენტების იმპორტს და მათ დისტრიბუციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, მათ შორის, გადაყიდვის ფასების დადგენის გზით.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოების ფარგლებში, სააგენტომ რამდენჯერმე მიმართა ცენტრს დამატებითი ინფორმაციისა და მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით. თუმცა, წარმოდგენილ დამატებით ინფორმაციასა და მტკიცებულებებში საუბარი გრძელდებოდა, კვლავ, მხოლოდ ეჭვის არსებობის შესახებ. სააგენტომ ასევე გამართა საკონსულტაციო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან (რომელთაც განხორციელებული ჰქონდათ კვლევები ფარმაცევტულ სექტორთან მიმართებით), ასევე, თავად განმცხადებელთანაც. თუმცა, შეხვედრის მონაწილეებს არ წარმოუდგენიათ, კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე რაიმე მტკიცებულება.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ განმცხადებელი ეყრდნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს, რომელიც აღწერს 2012 წლამდე, და ყველაზე გვიან, 2012 წელს არსებულ მდგომარეობას ფარმაცევტულ ბაზარზე. „აღნიშნული კვლევა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის 2012 წლის რედაქციის ამოქმედებამდე პერიოდს ეხება. შესაბამისად, კანონის უკუძალის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია მასზე რეაგირების შესაძლებლობას. სააგენტო ასევე მხედველობაში იღებს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას. გარდა ამისა, სააგენტომ განმცხადებელს არაერთხელ მისცა შესაძლებლობა, წერილობით წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, განმცხადებელმა სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო და არც მ/წ. 24 თებერვლის საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში არ იქნა აღმოჩენილი ისეთი გარემოებები, რომლებიც გააჩენდნენ გონივრულ ეჭვს კანონის ამოქმედების შემდგომ შესაძლო სამართალდარღვევაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე