მთავრობა და ევროკავშირის წარმომადგენლობა 14 მლნ ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას გააფორმებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმება გაფორმდება.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას ("ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" Technical Cooperation Facility – TCF) მოაწერენ ხელს.

შეთანხმება მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმების, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების საექსპერტო მხარდაჭერას.