კომპანია Microsoft მომხმარებელს კიბერსაფრთხეების გაზრდის შესახებ აფრთხილებს

კიბერდანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით, კომპანია Microsoft-მა "ცხელი ხაზი" გახსნა, რომლის მიზანია იმ მომხმარებლების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოში კიბერდანაშაულსა და კომპიუტერულ მეკობრეობას წააწყდნენ.

კომპანია Microsoft აღნიშნავს, რომ საქართველოში კიბერსაფრთხეების დონემ მოიმატა, რაც დაკავშირებულია კომპანიების კორპორატიულ კომპიუტერებზე, ვებ-გვერდებსა და IT-ქსელებზე ჰაკერული შეტევების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან.

როგორც კომპანია Microsoft-ში აცხადებენ, IDC-ის ანგარიშის მიხედვით, 65% შემთხვევაში თანამშრომელთა კომპიუტერებზე დაყენებულია არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო ყოველ მეოთხე თანამშრომელს თავის კომპიუტერში დამოუკიდებლად ჩატვირთული აქვს არალეგალური პროგრამები და აპლიკაციები.

"კერძოდ, საქართველოს ინტერნეტ-ქსელში გამოიყენება ერთნაირი თაღლითური სქემა, სადაც შეთავაზებულია კომპანია Microsoft-ის ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის უფასოდ გადმოწერა. ასე, მაგალითად, "Windows-ის ინსტალაცია უფასოდ" შეთავაზების მიხედვით, ინტერნეტიდან პროგრამების გადმოწერის დროს, 100-დან 92 შემთხვევაში მომხმარებლებს თავიანთი კონფიდენციალური მონაცემებისა და ფულის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ", - აცხადებენ კომპანიაში.

კორპორაცია Microsoft-ის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქალაქეთა 80%-მდე წარსულში კიბერდამნაშავეთა პირისპირ აღმოჩნდა, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესში მოღვაწე კომპანიების 97,5%-ს სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც კიბერსაფრთხე დაემუქრათ.

"საფრთხის დონე იმ დამნაშავეთა მხრიდან, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ, მუდმივად იზრდება. ბოლო წლის განმავლობაში 137 მილიონი ახალი ტიპის მავნე პროგრამა შეიქმნა, ეს არის დღეში 1 მილიონი ახალი კიბერსაფრთხე. მეკობრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, კომპანია Microsoft რეკომენდაციას აძლევს მომხმარებლებს, გამოიყენონ მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტები, რეგულარულად ჩაატარონ პერსონალის სწავლება კორპორატიული უსაფრთხოების საკითხებში და აგრეთვე გამოიყენონ მონაცემთა დაცვის სპეციალური პროგრამული და აპარატურული საშუალებები", - აცხადებს დირექტორი დსთ-ს ქვეყნებში პროგრამული აქტივების მართვისა და ლიცენზირების პირობების დაცვის შემოწმების სფეროში დიმიტრი ბერესნევი.

კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიბერშეტევებით გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 159 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Symantec-ის მონაცემებით, ჰაკერული შეტევების მსხვერპლი 594 მილიონი ადამიანი გახდა.

"თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია კიბერდანაშაულის, მათ შორის კომპიუტერული მეკობრეობის შესახებ, ან გსურთ კონსულტაციის მიღება, დაგვიკავშირდით საქართველოში ელექტრონული ფოსტის საშუალებით: ceenmsamc@Microsoft.com", - აცხადებენ კომპანიაში.