თბილისში საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა მიმდინარეობს

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა მიმდინარეობს.როგორც სხდომის დაწყებამდე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ეს არის ყირგიზეთთან პირველი ეკონომიკური ურთიერთობების კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანია საქართველო-ყირგიზეთის როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო ურთიერთობების გასაღრმავებლად.

"ჩვენ დღეს განვიხილავთ საკითხებს, როგორც სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ტურიზმში, ვაჭრობაში, ასევე ინვესტიციების, ინოვაციებისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით. გუშინ ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც მინისტრთან, ასევე ექსპერტების დონეზე. გვინდა, რომ რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების აქტუალიზაცია მოხდეს, რომელიც გვაქვს დადებული ყირგიზეთთან. ყირგიზი ხალხი ჩვენი მეგობარია, ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ორივე სახელმწიფო მთაგორიანია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ ყირგიზეთისა და საქართველოს მეგობრობა და შემდგომში სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის კეთილდღეობაზე წარმატებით აისახება.