საქართველო - ევროკავშირს შორის 14 მლნ ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმება გაფორმდა

საქართველო - ევროკავშირს შორის 14 მლნ ევროს ოდენობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" მოაწერეს ხელი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმების, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების საექსპერტო მხარდაჭერას.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული რესურსის ათვისება ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამებით მოხდება. მისივე განმარტებით, ესენია: საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საჯარო უწყებების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას; ტექნიკური დახმარების პროგრამა (თA), რომელიც კერძო საკონსულტაციო კომპანიის მიერ, მიმღები უწყებისათვის საექსპერტო მხარდაჭერის გაწევას გულისხმობს.

"ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტექნიკური მხარდაჭერის, ტექნიკური თანამშრომლობის ინსტრუმენტს, რომელიც გულისხმობს 14 მილიონი ევროს დახმარებას, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, იმ პროექტების ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ, სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ შესაბამის დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, რათა ამ კანონმდებლობის, ამ ახალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ვიყოთ მზად", - განაცხადა ბაქრაძემ.

''

"ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება.

2007 წლიდან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს ინსტიტუციური განვითარების პროგრამების დაფინანსება შეადგენს, რომელთა მიზანი საჯარო უწყებების ინსტიტუციური განვითარებაა", - ნათქვამია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე