თბილისში, პუშკინის ქუჩაზე გზის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დღეს დილიდან ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მერიის განმარტებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა.
კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა", - აცხადებენ მერიაში.
ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ხვალ აღდგება.