თბილისში ICAO-ს აუდიტორები ჩამოვლენ

5 აპრილს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტორები ეწვევიან.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს,  ICAO-ს ვალიდაციის აუდიტი ჩამოსვლას 22 მარტს გეგმავდა, თუმცა ვიზიტმა რამდენიმე დღით გადმოიწია.

სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ არჩუაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ICAO სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეულ სამუშაოებს შეამოწმებს. შედეგად კი ცნობილი გახდება, მოეხსნება თუ არა ქვეყანას ,,წითელი დროშის” სტატუსი.

,,ICAO-ს საერთაშორისო აუდიტორები 2013 წლის დეკემბერში დადგენილი და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის კუთხით, სააგენტოს მიერ შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე შეამოწმებენ. 2013 წლის დეკემბერში ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისად შევასრულეთ. გატარებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კი უკვე გადაეგზავნა IKAO-ს. მათი მხრიდან საქართველოში ვიზიტის დაგეგმვა არის იმის დასტური, რომ სააგენტომ რეკომენდაციები შეასრულა,”-აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

,,წითელი დროშა” ეს არის საავიაციო ხელისუფლების მიმართ არსებული ნაკლოვანება და არა კომპანიის მიმართ. კომპანიებისთვის ეს არ წარმოადგენდა პრობლემას იმისათვის, რომ სადმე ჩაფრენილიყვნენ.

"ჩვენ გვქონდა გამოცხადებული მორატორიუმი, ხელახლა გადავამოწმეთ ყველა კომპანია, რამაც ჩვენი საქმიანობის მოცულობა გაზარდა. სხვა მხრივ, იმ ფაქტს რომ საქართველოს ,,წითელი დროშის” სტატუსი აქვს, ბიზნესზე რაიმე გავლენა ან ოპერირების პრობლემა არ შეუქმნია”, - აღნიშნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორის მოადგილემ.

ქრისტინე გამთენაძე