ევროკავშირი რუსული ევრობონდების ყიდვისგან თავის არიდების მოწოდებით გამოდის

ბრიუსელი ევროპულ ბანკებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსული ევრობონდების შეძენისგან.

The Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ფასიანი ქაღალდების განთავსებით მიღებული სახსრები შესაძლოა „არადანიშნულებისამებრ“ იქნას გამოყენებული.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ბანკის ხელმძღვანელებთან პირად საუბრებში ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ობლიგაციები შესაძლოა, სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენონ. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლები ბანკებს უსაფრთხოების ზომებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის იმ პირების მიერ ფასიანი ქაღალდების განთავსების საწინააღმდეგო ნაბიჯებისკენ, რომელთა მიმართაც სანქციებია დაწესებული.

„თუ ევროკავშირი ევროპული ბანკების დარწმუნებას შეძლებს, რუსეთი შესაძლებელია იძულებული გახდეს, უარი თქვას უცხურ ბანკებში ობლიგაციების გაყიდვაზე", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.