საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2.6 %-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2.6 %-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თებერვალში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 198.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით (2.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (25.0 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.7 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (9.3 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.8 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (4.9 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის ცნობით, 2016 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (39.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (30.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე