აზერბაიჯანი და პოსტ-ნავთობის ერა?

ხანდახან გარდაქმნისთვის საჭიროა კრიზისი. ეს განსაკუთრებით კარგად ეკონომისტებმა იციან.ეს პრინციპი ყოველთვის გვახსენებს თავს, როცა კი ქვეყანა ეკონომიკურ შოკს განიცდის. ასეთ დროს ქვეყანა ჰგავს პაციენტს, რომელსაც ექიმი ბოლოჯერ აფრთხილებს, უარი თქვას მავნე ჩვევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს გამოუსწორებელი შედეგისთვის თვალის გასწორება.

გასულ წელს სწორედ ასეთი სცენარი გათამაშდა ჩვენ თვალწინ. საქართველოს მეზობელსა და ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, აზერბაიჯანს მძიმე დღეები დაუდგა.

მიმდინარე კრიზისი

გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, ნავთობის ექსპორტიორი სხვა ქვეყნების მსგავსად, ძლიერი გავლენა მოახდინა მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასების ვარდნამ. ნავთობის მსოფლიო ფასების 70%-ით დაცემამ აზერბაიჯანის ნავთობის სექტორი 30%-ით შეამცირა.

ეკონომიკას, რომლის მშპ-ის ნახევარზე მეტს ბოლო რვა წლის განმავლობაში ნავთობის სექტორი ქმნიდა, მხოლოდ ერთი პერსპექტივაღა დარჩა – ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება.

ვერ გაუძლო რა გაუფასურების წნეხს, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყანა ფიქსირებული გაცვლითი კურსიდან მართვად მცურავ რეჟიმზე გადადიოდა. სამწუხაროდ, ამასობაში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების 60% ვალუტის კურსის შენარჩუნებაზე დაიხარჯა. ამ დროის განმავლობაში CBA-მა მანათი მხოლოდ ერთხელ, 30% გააუფასურა. მაგრამ, როგორც კი ქვეყანა მართვად მცურავ რეჟიმზე გადავიდა, მანათი კიდევ 52%-ით გაუფასურდა. შედეგად, ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებაში ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა.

ვალუტის გაუფასურების ფონზე, დაიწყო სამომხმარებლო ფასების ზრდა. წლების განმავლობაში საკვების, ტანსაცმლისა და ავეჯის შემოტანა უფრო იაფი ჯდებოდა, რაც ამ პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზარს მიღმა ტოვებდა.

სამწუხაროდ, 2015 წლის საბიუჯეტო შემოსავლების ვარდნა ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს სოციალური უსაფრთხოების პროგრამების გაფართოებას. ერთადერთი, რასაც მთავრობა ხალხს დაპირდა, იყო საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის, პენსიონერებისთვის პენსიის ანაზღაურება. შედეგად, აზერბაიჯანი დადგა პოლიტიკური და ეკონომიკური მღელვარების ტალღის წინაშე, რაც მანამდე თითქმის წარმოუდგენელი იყო ქვეყნის მკაცრად კონტროლირებულ პოლიტიკურ გარემოში.

შესაძლებლობები სხვა სექტორებისთვის

რამდენადაც ცუდი იყო გაუფასურება, იმდენად უაღრესად საჭირო შვება მოჰგვარა ამან ეკონომიკის სხვა, არასანავთობო სექტორებს. თითქმის ერთ ღამეში ექსპორტიცა და იმპორტთან კონკურენციაში ჩაბმული ადგილობრივად წარმოებული პროდუქტები უფრო კონკურენტული გახდა.

არსებული მონაცემებით, 2015 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში აზერბაიჯანის არასანავთობო ექსპორტის ღირებულება (გამოსახული აშშ დოლარში) 25%-ით დაეცა, რაც, მეტწილად, სწორედ გაუფასურებამ განაპირობა. თუ მანათში გადავიყვანთ, არასანავთობო ექსპორტის ღირებულება რეალურად გაიზარდა.

განაგრძეთ კითხვა