საქართველო, ირანი, რუსეთი და სომხეთი თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე ერთობლივ პროექტს განიხილავენ

საქართველო, რუსეთი, ირანი და სომხეთი ქვეყნებს შორის საერთო ელექტროქსელის პროექტს განიხილავენ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრა აპრილში, თბილისში შედგება. თუმცა, ამ ეტაპისთვის უწყებაში შეხვედრასთან დაკავშირებული სხვა დეტალები არ დაგვიკონკრეტეს.

ამასთან ერთად, რუსული მედიის ცნობით, თავდაპირველად შეხვედრაში აზერბაიჯანის მონაწილეობა იგეგმებოდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ირანი და რუსეთი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიების გავლით ქვეყნებს შორის ელექტროქსელების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული პროექტის შესახებ მოლაპარაკებები უკვე გამართა ერევანში. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კი თბილისში შედგება“, - აღნიშნეს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში.