თბილისის მერია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმაურება

თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მთავრობის მისამართით გაჟღერდა ბრალდებები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპელირებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ზღვრული ფასების მიუთითებლობაზე და ამბობენ, რომ აღნიშნული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას უკავშირდება.

"იმისათვის, რომ საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი განვმარტავთ, რომ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ერთეულების ზღვრული ფასების მითითებით პირველად 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. შესაბამისად, ტენდერებში აღნიშნული ზღვრული ფასების მითითების პრაქტიკა, სწორედ, დედაქალაქის ახალმა მთავრობამ დანერგა და წინა ხელისუფლების დროს ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში არასოდეს ყოფილა გამოყენებული. ამასთან, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ტენდერში ზღვრული ფასის მითითება სავალდებულო არ არის და თითოეული შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.