პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევის შემდეგ, წუხელ გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია.

მერიის განმარტებით, კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, რაც მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა. კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა. თუმცა, მერიის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით, ესტაკადა შენდება და თვეზე მეტია მძიმე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, ასევე სრულდება ღრმა ბურღვითი სამუშაოები.

თვითმხილველთა განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ იმ მონაკვეთზე, სადაც საავტომობილო გზის საყრდენი კედელი ჩამოინგრა, ინტენსიურად მიმდინარეობდა მიწისქვეშა წყლების ამოტუმბვის სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ კედლის დანარჩენი ნაწილი მთელია, მიუხედავად იმისა, რომ მერიის განმარტებით, თავის დროზე კედელი საძირკვლის გარეშე აშენდა. ასეც რომ ყოფილიყო, მიმდინარე სამშენებლო სამუშოების დროს მშენებლებს ეს უნდა შეემჩნიათ და კედლის დემონტაჟი თავად უნდა მოეხდინათ, რათა მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებულებს საფრთხე არ შექმნოდათ.

საბედნიეროდ, კედლის მოზრდილი ნაწილი პუშკინის ქუჩაზე იმ დროს ჩამოინგრა, როცა იქ სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ხვალ აღდგება.

იხილეთ ფოტოგალერეა