Radisson-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს გერმანული არქიტექტურული კომპანია შეასრულებს

Radisson-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს გერმანული კომპანია Graft Architects შეასრულებს. სასტუმრო Radisson-ის წინ მდებარე პარკინგის ტერიტორია ამჟამად ,,სილქ როუდ ჯგუფის” საკუთრებაშია. როგორც კომპანიაში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, ჯგუფმა 2015 წლის ბოლოს ჩაატარა დახურული კონკურსი, რომელშიც რამდენიმე უცხოურმა და ქართულმა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

,,კონკურსის მიზანი იყო სასტუმროს წინ მდებარე პარკინგის ტერიტორიას შესძენოდა საზოგადოებრივი დატვირთვა და გამხდარიყო თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების თავშეყრის ადგილი”, - აღნიშნავენ ,,სილქ როუდ ჯგუფში.”

მათი განცხადებით, წარმოდგენილი ესკიზებიდან გამარჯვებულად გამოცხადდა არქიტექტურული სტუდია “Graft Architects“-ის მიერ შემუშავებული ვარიანტი.

,,მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებული რენდერები წარმოადგენს წინასწარ ესკიზს და არ ასახავს პროექტის საბოლოო ვარიანტს, ჯგუფი გეგმავს ამ მიმართულებით „გრაფტთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას.

საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე წინასწარი ესკიზები განიცდის არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

როგორც ,,სილქ როუდ ჯგუფში” ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, შემდეგ ეტაპზე იგეგმება პროექტის დახვეწა მის ავტორთან, გენგეგმაზე მომუშავე კომპანიასთან, სხვადასხვა სპეციალისტებთან და მერიის არქიტექტურულ სამსახურთან თანამშრომლობით.

პროექტის დასრულების ვადები და საინვესტიციო თანხა ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.

ქრისტინე გამთენაძე