რაჭაში ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება

რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი სასტუმრო კომპლექსი აშენდება. სამუშაოებს კომპანია ,,ჯეოტექინვესტი” იწყებს. მშენებლობა მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება და 6 თვეში დასრულდება.

როგორც კომპანიის დირექტორმა მამუკა ჯმუხაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, სასტუმრო დამსვენებლებს მომავალი წლის ზაფხულში მიიღებს.

,,2017 წლის გაზაფხულზე უკვე დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სასტუმრო ფუნქციონირებას ივნისიდან დაიწყებს. ეს იქნება პირველი სასტუმრო აღნიშნულ ტერიტორიაზე და ვფიქრობთ, ზაფხულში დიდი დატვირთვით იმუშავებს”, - აღნიშნა ,,ჯეოტექინვესტის” დირექტორმა.

სამსართულიანი სასტუმრო, 26 ნომრით, რესტორნითა და საკონფერენციო დარბაზით, შაორის ტბიდან 40 მეტრში განთავსდება.

მამუკა ჯმუხაძის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაში მილიონნახევრიანი ინვესტიცია განხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე