წელს რუსთავში 14 საბავშვო ბაღი გარემონტდება

რუსთავის მერია წელს 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 14 ფილიალში სველი წერტილებისა და წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.

პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სველ წერტილებში შეიცვლება წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, კარ-ფანჯარა, მოპირკეთდება იატაკი და კედლები. პროექტი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ #1 საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელთა მშობლებს გააცნო.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბაგა-ბაღების გაერთიანების #1 ფილიალში სველი წერტილების კეთილმოწყობისთვის 87 996 ლარია გათვალისწინებული. შეხვედრაზე ქალაქის მერმა 2016 წელს რუსთავში დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. რუსთავის 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 მლნ 281 276 ლარს შეადგენს.

,,წელს რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება. ინფრასტრუქტურაზე 17 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ და ძირითადი ტენდერები უკვე გამოცხადებულია. რუსთავში სულ 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სარემონტო სამუშაოები აქედან 14-ს წელს ჩაუტარდება. 6 საბავშვო ბაღში ანალოგიური სამუშაოების შარშან განხორციელდა. მომავალი სასწავლო წლისთვის, სველი წერტილების პრობლემა ქალაქში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში მოხსნილი იქნება და საშუალება მოგვეცემა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დაწესებულებების სხვა პრობლემებსაც მივხედოთ", - განაცხადა რუსთავს მერმა. 2016 წლისთვის დაგეგმილი პროექტების ნაწილის განხორციელება რუსთავში უკვე დაწყებულია.

14 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულებული იქნება.