გერმანიაში დიასპორის კონფერენცია და დასაქმების ფორუმი გაიმართა

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მაინის ფრანკფურტში დიასპორის კონფერენცია და დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორი ლადო ჭანტურია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინო კობახიძე, საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დამსაქმებლები სხვადასხვა სფეროებიდან, ასევე ქართველ მიგრანტთა ორგანიზაციები გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან.

უწყების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმს გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის წევრების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრა, რამაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას.

"დიასპორის ჩართულობას ქვეყნის განვითარების საკითხებში უდიდესი როლი ენიჭება. ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირის მნიშვნელობა კონფერენციის მსვლელობისასაც აღინიშნა სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან. "ერთიანობა არის ის, რაც ჩვენ გვაძლიერებს - აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი გვეხმარება ერთმანეთთან დასაახლოვებელი ხიდის მშენებლობის საქმეში", - აღნიშნა გელა დუმბაძე სიტყვით გამოსვლისას.

უწყების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და დიასპორის წევრებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს საქართველოდან, რომლებიც წარმოადგენდნენ კერძო და საჯარო სექტორს, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, მედიცინისა და სხვ. სფეროებიდან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში დასაქმების, ბიზნესის დაფუძნების შესაძლებლობების, ასევე სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - "ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით", რომელიც მიმდინარეობს ევროპის კავშირის დაფინანსებით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით (BMZ). პროექტს ახორციელებენ პარტნიორები - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA).