პრემიერ-მინისტრმა Porta Batumi Tower-ის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსის Porta Batumi Tower-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

პრემიერი თურქული ინვესტიციის დადებით მხარეებს გაეცნო. 165 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობისთვის 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. თურქულმა კომპანიამ "სისთემ ინშაათი" 43 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2013 წლის ივნისში დაიწყო და წელს ზაფხულში ასრულებს.

"პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით ასევე, ზღვისა და მთის ხედების მქონე 12 პენტჰაუსით.

გარდა საცხოვრებელი სახლებისა, "პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე ზონისგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია ორსართულიანი ავტოსადგომი. ნულოვან სართულზე განთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში შედის 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასიანი რესტორნითა და ფიტნეს სპა ცენტრით. პროექტით გათვალისწინებულია ასევე, კაფე-ბარისა და საოფისე ფართების მოწყობა. კომპლექსში განთავსდება კაზინო.

"პორტა თაუერის" მსოფლიო დონის დიზაინი შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს ცნობილმა არქიტექტორმა ბროდვეი მალიანმა.

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში კიდევ რამდენიმე ობიექტს დაათვალიერებს.