ფონდი "ჰუმანითი" პაციენტებს 78 ათასი დოლარის ღირებულების ონკო-პრეპარატებს გადასცემს

ფონდი "ჰუმანითისა" და ფარმაცევტული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" მეშვეობით "ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის" პაციენტები 78 ათასი დოლარის ღირებულების ონკო-პრეპარატებს მიიღებენ.

აღნიშნულ სამედიცინო აქციასთან დაკავშირებით ახლად დაარსებულ ფონდ "ჰუმანითისა" და ფარმაცევტული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" ხელმძღვანელებმა დღეს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"ჰუმანითის" დირექტორის სესილი გოგიბერიძის განცხადებით, მათი ახლად დაფუძნებული ფონდის მიზანია საზოგადოებაში ზოგადად სიკეთისა და ჰუმანურობის იდეის მხარდაჭერა და გაღვივება, რადგან წარმატებულია მხოლოდ ისეთი საზოგადოება, რომელშიც ასეთი იდეებია ძლიერი.

გოგიბერიძის თქმით, მათ ფონდს ფარმაცევტულმა კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიამ" "ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის" პაციენტების დასახმარებლად 78 ათასი დოლარის ღირებულების პრეპარატი "ნიუბორტეზი" გადასცა.

აღნიშნულის დამადასტურებელი სერტიფიკატი დღეს სამკურნალო ცენტრის წარმომადგენელ ნინო შარაშენიძეს ფონდისა და ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

ფარმაცევტული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ანდრი კუზმას განცხადებით, უახლოეს მომავალში მათი კომპანია ჰუმანიტარულ აქციებს კვლავ გააგრძელებს, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახდეს.

ნინო შარაშენიძის თქმით, კი "ნიუბორტეზი" ძვლის ტვინის სიმსივნით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება და ძალიან ძვირადღირებულია. ეს მედიკამენტი I ხაზის თერაპიისთვის შეირჩა.

"ჩვენს კლინიკაში ამ დაავადებით რეგისტრირებული უამრავი ადამიანია. სამწუხაროდ, ყველა მათგანი პირველ ეტაპზე ამ მედიკამენტს ვერ მიიღებს. ფონდმა გვთხოვა შეგვერჩია განსაკუთრებულად მძიმე პაციენტების კატეგორია, რომელთათვისაც ამ მედიკამენტების გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ასეთი 20-მდე პაციენტი შეირჩა", - აღნიშნა ნინო შარაშენიძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს აღნიშნული პრეპარატით პროგრამული მკურნალობის 8 ციკლის ჩატარება სჭირდებათ. თითოეული ციკლი კი მინიმუმ ოთხ ინექციას მოიცავს.