ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის თანამშრომლებს დღეს ჯიხურები დალუქული დახვდათ

ისანში მეორადი ავტონაწილების ბაზრობის თანამშრომლებს დღეს ჯიხურები დალუქული დახვდათ. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბაზრობის თანამშრომლების იმ ნაწილს, რომლებსაც დავალიანება აქვთ, ჯიხურები დაულუქეს.

"გუშინ დაიკეტა ავტონაწილებით მოვაჭრეების ჯიხურები, ვისაც აქვს დავალიანება და უკანონოდ არიან ტერიტორიაზე. იქედან გამომდინარე, რომ 2015 წლის ბოლოს, მათ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და 2016 წელს ხელშეკრულება აღარ გააგრძელეს, მესამე თვეა უკანონოდ ვაჭრობენ, ამიტომ მათი ჯიხურები დაილუქა. მივმართე არაერთ სახელმწიფო ორგანოს დახმარებისთვის, რათა გაერკვნენ სიტუაციაში და ყველამ თავისი ვალდებულება შეასრულოს. მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია", - განაცხადა კომპანია "ტრანსსერვისის" გენერალურმა დირექტორმა ბექა მახარაძემ.

ბაზრობის თანამშრომლები მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ მოახერხეს, რომ შესულიყვნენ ჯიხურებში და აგრძელებენ ვაჭრობას.

"მინდა მივმართო ბექა მახარაძეს, რომ გაითვალისწინოს დღევანდელი პირობები და დაგვიკლოს ქირა, რადგან არ არის საშუალება გადავიხადოთ ქირა, რომელიც არის დოლარის ექვივალენტი ლარებში", - განაცხადა ბაზრობის თანამშრომელმა კახა გოგიაშვილმა.

თანამშრომლების განცხადებით, ისინი მომავალშიც არ აპირებენ მუშაობის შეწყვეტას.