გიორგი კვირიკაშვილი ლარზე - ძალიან რთულია ამ მომენტში რაიმე პროგნოზის გაკეთება

ჯერჯერობით ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება, ძალიან რთულია ამ მომენტში რაიმე პროგნოზის გაკეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მისასალმებელია ლარის გამყარების ტენდენცია და ამ მხრივ საგარეო ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანია მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ორიენტაცია.

"კარგია, რა თქმა უნდა, და მივესალმები. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გარდა საგარეო ფაქტორებისა, შევქმნათ ის შიდა ფაქტორები, რომლებიც უკვე გრძელვადიან, შენარჩუნებად ტენდენციას შექმნიან იმისათვის, რომ უფრო მეტი ინვესტიციები შემოვიდეს, უფრო სტაბილური ეკონომიკური ზრდა მივიღოთ ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის ვახორციელებთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს და მათ შორის ეს იქნება გაცილებით უფრო მსხვილი მასშტაბი იმ ინფრასტრუქტურული სტრატეგიული ცვლილების, რომელზეც დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. მასშტაბი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, უნდა გაიზარდოს მინიმუმ ორჯერ. ეს გამოიწვევს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინვესტიციების უფრო ინტენსიურად შემოსვლას და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება საქართველოში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება ბათუმში მშენებარე ობიექტების დათვალიერების შემდეგ გააკეთა.