თბილისის სამი საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

თბილისის სამი საბავშვო ბაღის დირექტორი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ დღეს მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თემურ თორდინავას თქმით, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა. თემურ თორდინავამ საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, ბაღებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა.

"აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი. მოვუწოდებ ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თანამშრომლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ბაღებში მონიტორინგი რეგულარულად გაგრძელდება და დარღვევის არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება", - განაცხადა თემურ თორდინავამ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა საუბრისას არ დააკონკრეტა, რომელი სამი საბავშვო ბაღის დირექტორი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

საუბრისას მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატარა ლილოში არსებული საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბაღის დირექტორი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი იყო; აღნიშნული ბაღის ყოფილი დირექტორის მიერ გარკვეული პერიოდის წინ განთავისუფლებული საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილე კი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო.