სტეფანწმინდას განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ნაგავსაყრელი 2000 წლიდან ფუნქციონირებს და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტს და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება.

მათივე ინფორმაციით, სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" 2013 წლის სექტემბერში გადაეცა.

"იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, პოლიგონი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ", საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით.

ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. ასევე, მდინარე თერგის მხრიდან მოეწყო ნაპირდამცავი ბერმა, რათა ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 483 ათასი ლარი დაჯდა.