პრემიერ-მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (IUHB) გახსნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჰოსპიტალი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი თურქი და ქართველი პროფესიონალებით დაკომპლექტდა.

"დღეს კერძო ჰოსპიტალი მოვინახულეთ, სადაც ქართველი და თურქი ექიმები ერთად იმუშავებენ. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე აქ ჩამოსული ტურისტებისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული. საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ციფრული აპარატურით. ჰოსპიტალის მშენებლობაში შპს Brothers-მა 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, ჰოსპიტალმა პირველი პაციენტი მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო.