განახლებულმა ლარმა საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

ბუქარესტში HSP Europe™- ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები) გაიმარჯვა.

ნომინაციაზე "2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი" წელს შემდეგი ბანკნოტები იყო წარდგენილი:  ახალი 20 ევრო, შვედური კრონის ახალი სერია, ახალი 20 000 ფორინტი, ახალი 200 შეკელი, 20 000 ტენგე, 500 გრივნა (უკრაინის ცენტრალური ბანკი), 100 რუბლის საიუბილეო ბანკნოტი, ბელორუსის ფულადი ერთეულის ბანკნოტების სერია და ლარის განახლებული სერია - 20, 50 და 100 ლარი.

ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად, ჯილდო ასევე გადაეცა ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ საიუბილეო ბანკნოტს - 20 000 ტენგეს.

ნომინაციისთვის წარდგენილი ფულის ნიშნების შეფასება ხდება მათი დიზაინის, ტექნიკური დახვეწილობის, გამართულობისა და დაცულობის კუთხით არსებული თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.

ორგანიზაცია HSP Europe™ ყოვეწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, დაცული ბეჭდვის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებთან, გამოშვებებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დისკუსიების, პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სადაც მონაწილეობას იღებენ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები.

გასულ წელს HSP Europe™-ის კონფერენციაზე, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა, 2015 წლის საუკეთესო რეგიონალურ ბანკნოტად პოლონური ზლოტი დასახელდა.