საგზაო ბიტუმის ხარისხობრივი კონტროლი კვლავ უნდა გაგრძელდეს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საგზაო ბიტუმის იმპორტი (რომელიც გამოიყენება ასფალტირებული გზების დაგებაში) მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2014 წელს საგზაო ბიტუმის იმპორტმა 77,2 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 72,1 ათასი ტონა ანუ 93,4% ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მოდიოდა.

2015 წელს აღნიშნული მონაცემი გაიზარდა და შეადგინა 86,4 ათასი ტონა. აქედან 74,2 ათასი ტონა ანუ 86% შემოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ხოლო 9.8 ათასი ტონა ანუ 11,3% - თურქეთის რესპუბლიკიდან.

მიმდინარე წლის პირველი 2 თვის განმავლობაში საქართველოში საგზაო ბიტუმის იმპორტმა 7,6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 3,9 ათასი ტონა ანუ 51.3% ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, ხოლო 3,7 ათასი ტონა, ანუ 48,7% - თურქეთზე მოდის. ბოლო წლების განმავლობაში პირველად ირანის რესპუბლიკიდან იმპორტმა დაკარგა წამყვანი პოზიციები და მას გაუტოლდა ისეთი არატრადიციული ბიტუმის მწარმოებელი ქვეყნიდან იმპორტი, როგორიცაა თურქეთის რესპუბლიკა, თურქეთი ირანის ისლამურ რესპუბლიკას ფასიდან გამომდინარე მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებული საგზაო ბიტუმის ფასი. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ფასების კლება მსოფლიოში ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებამ გამოიწვია.

,,მიმდინარე სეზონზე საქართველოში საგზაო ბიტუმის საბითუმო ფასი განახევრდა და ის ტონაზე საშუალოდ 250 დოლარზე ნაკლებს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი შეღავათია ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისათვის”, - აღნიშნავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ორგანიზაციის ცნობით, კვლავინდებურად აქტიურად დგას პროდუქციის ხარისხის საკითხი და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან გაძლიერებულია ხარისხის კონტროლი, მაინც არსებობს ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა საქართველოს ბაზარზე კვლავინდებურად ხდებოდეს არასტანდარტული პროდუქციის შემოდინება, განსაკუთრებით თურქეთის რესპუბლიკიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საჭიროა აღნიშნული იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი მიმდინარე წელსაც განხორციელდეს.

,,საგზაო ბიტუმი წარმოადგენს ასფალტის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს და მის ხარისხზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დაგებული ასფალტირებული გზის ხარისხი”, -აცხადებენ ორგანიზაციაში.